ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირის ისტორიას შეისწავლიან
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირის ისტორიას შეისწავლიან

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირის ისტორიას ისწავლიან.  თანამედროვე გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ისტორია ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოში შედის, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, შალვა მეკრავიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება.

ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება.

შალვა მეკრავიშვილის განცხადებით, წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადაა შეტანილი. ამასთან, დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირის შესახებ.

საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ ეტაპზე, სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი მე-9 კლასში, საქართველოს ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება. ომის გმირების შესახებ კი, მასში საუბარი არ არის, თუმცა, როგორც შალვა მეკრავიშვილი განმარტავს, მასწავლებელს თავად შეუძლია დაავალოს მოსწავლეებს ომის გმირების შესახებ ცნობების მოძიება.

2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით შინაარსობრივად განახლებული წიგნები უნდა შევიდეს, რომლებიც განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იქნება შედგენილი.