ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სწრაფი სანქციების კოორდინირებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სწრაფი სანქციების კოორდინირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მისი ცნობით, ტელეფონით ესაუბრა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს უკრაინის სუვერენიტეტზე რუსეთის ბოლო თავდასხმის შემდეგ. როგორც ტრასმა განაცხადა, ისინი შეთანხმდნენ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის კოორდინაციაზე პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სწრაფი სანქციების დასაწესებლად და უკრაინის მხარდასაჭერად.
ლიზ ტრასის ცნობით, ასევე ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას და მას სრული მხარდაჭერა შესთავაზა.
ასევე ბრიტანელმა დიპლომატმა კულებასთან განიხილა სანქციები, რომელთა დაწესებასაც დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ გეგმავს.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.