ლიტვური ენის კომისიამ სახელწოდება „გრუზიას“ შეცვლას მხარი არ დაუჭირა, თუმცა ალტერნატიული ვარიანტის გამოყენების ნებართვაც გასცა
ლიტვური ენის კომისიამ სახელწოდება „გრუზიას“ შეცვლას მხარი არ დაუჭირა, თუმცა ალტერნატიული ვარიანტის გამოყენების ნებართვაც გასცა

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს ლიტვური სახელწოდება „გრუზიას“ შეცვლას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვური მედია ავრცელებს.

როგორც სააგენტო Diena წერს, ლიტვურ ენაში საქართველოს ოფიციალური სახელწოდება კვლავ „გრუზია“ დარჩება, თუმცა ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ ალტერნატიული ვარიანტის გამოყენების ნებართვა გასცა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტრადიციული სახელწოდება „გრუზიასთან“ ერთად იქნება მეორე სახელწოდება, რომელიც ქართულ ენას შეესაბამება“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომისიის 17 წევრიდან 15-მა დაუჭირა მხარი.

ამასთან, ანტანაიტისის თქმით, ჯერ კომისიის წევრებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება, სახელწოდების ალტერნატიულ ვარიანტად აირჩიონ „საქართველასი“ თუ „ქართველია“. აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრები უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტენ.

მანამდე კომისიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს ლიტვური სახელწოდების შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რადგან ამჟამინდელ ვერსიას მოხმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს და სიტყვა “გრუზია” ლიტვური ენის გრამატიკულ სისტემასთან შეთანხმებულია, ხოლო სახელწოდებას „საქართველო“ ოფიციალურად ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფო არ იყენებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვას თხოვნით მიმართა, შეცვალოს სახელმწიფოს სახელწოდება „გრუზია“ „გეორგიათი“ ან „საქართველოთი“.