25 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა.
დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ნატო-ს სამიტი იქნება. ივლისის ნატო-ს სამიტზე საქართველო მიღწეული პროგრესის ნატო-ში ინტეგრაციის და წევრობის გზაზე შესაბამისად ასახვას ელოდება. დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე, ლიტველი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება საუბარი.
ლიტვის პრეზიდენტი 26 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.
ლიტვამ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე თებერვალში აღნიშნა.