ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერები მიიჩნევენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერები მიიჩნევენ, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხზე სამი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელიც ლიტვის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„აღნიშნული პროექტი იქმნება როგორც კომერციული, თუმცა ის უდავოდ წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც გაზრდის ევროკავშირის დამოკიდებულებას ერთი წყაროს – რუსეთის ენერგიაზე“, – მიიჩნევს ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკეტისი. მისი აზრით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უნდა შეფასდეს, როგორც გეოპოლიიტკური პროექტი, რომელიც გამყარებულია რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, უარი თქვას უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე.
„ეს არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტია, რომელმაც შესაძლოა, ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობა დააზარალოს“, – აღნიშნავს ლიტვის პარლამენტის სპიკერი.
ამასთან დაკავშირებით, სამი ქვეყნის პარლამენტის სპიკერები ევროკავშირის წევრებს მოუწოდებენ, გამართონ გამჭვირვალე და ნდობაზე დაფუძნებული დისკუსია.
გაზსადენის ამოქმედება 2019 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. მილსადენმა რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. პროექტის საერთო ღირებულება 9,9 მილიარდი ევროა.