გაერო-ს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. რუსეთის მიერ შემუშავებულ ტექსტს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან მხოლოდ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს მხარი.

რუსეთმა რეზოლუციის შესაბამისი პროექტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს გასულ თვეში წარუდგინა. დოკუმენტში მოსკოვი სექტემბერში გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვდა.

„ობიექტური და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების გარეშე ვერ გაირკვევა სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა“, – განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩრდილოეთ ნაკადის“ ორ მილსადენზე აფეთქებები ზღვაში, შვედეთისა და დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა. გასულ თვეში შვედეთმა, დანიამ და გერმანიამ განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მათ მიერ დაწყებული გამოძიებები ჯერ კიდევ გრძელდება და რუსეთი მის შესახებ ინფორმირებულია. სამი ქვეყნის ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ მილსადენების დაზიანება გამოიწვია ძლიერმა აფეთქებებმა დივერსიის შედეგად. აფეთქებები დივერსიულ აქტად შეაფასეს ასევე აშშ-მა და ნატო-მ. უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებმაც თავი შეიკავეს რუსეთის რეზოლუციის მხარდაჭერისგან, აცხადებენ, რომ მიმდინარე ეროვნული გამოძიებები უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ მოხდეს განხილვა, საჭიროა თუ არა გაერო-ს ჩართვა აღნიშნულ საქმეში.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ის არ არის ინფორმირებული მიმდინარე გამოძიებების მსვლელობის შესახებ. თავის მხრივ, გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ეროვნული გამოძიებების დისკრედიტაციას.