მედიის ცნობით, ლიეტუვა-ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება მოხდა
ლიეტუვა-ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე, ლიეტუვის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ლიეტუვის გაზის გადამცემი ოპერატორის, „ამბერ გრიდის“ ინფორმაციით, გაზსადენზე თავდასხმის რაიმე მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. გაზის მიწოდება შეწყდა. აფეთქებამ ორი პარალელური მილსადენიდან ერთ-ერთი დააზიანა, რომელიც გაზს ლიეტუვიდან ლატვიაში აგზავნიდა და მიწოდების აღდგენა უმოქმედო მილსადენის გამოყენებით იგეგმება.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ვფიქრობ, საუბარია ტექნიკურ გაუმართაობაზე. ვგულისხმობ, რომ თავად მილსადენი საკმაოდ ძველია, დაახლოებით 40 წლის. ვფიქრობ, უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის ტექნოლოგიური პრობლემა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვა ვარიანტებს, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი ტექნიკური ხარვეზია, რომელიც უნდა აღვადგინოთ. ხვალ, დილით უკვე დავიწყებთ ამ პროცესებს და მილსადენი რამდენიმე დღეში შეკეთდება“, – თქვა ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა.