ლიტერატურული კონკურსი „საბა 2018 გამოცხადდა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს.
2018 წელი პრემია „საბასთვის“ განსაკუთრებული იქნება – წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 12 ოქტომბერს გერმანიაში, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში “Kaisersaal” გაიმართება.
ფრანკფურტში გამოვლინდებიან 2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები.
განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.
ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.