„დაუკავშირდი დედამიწას“ – ამ სლოგანით ლისის ტბაზე „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე რაუნდი იმართება. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომელშიც მონაწილეობას მილიონობით ადამიანი იღებს და ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს. ამით პლანეტას მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას უცხადებენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ველოტური და გარბენი იმართება, რომელშიც მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული ველომრბოლელები იღებენ.
ღონისძიების მიზანია, კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიება საქართველოში წელს მეათედ აღინიშნება და იგი თბილისის მერიის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.