ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სადაც მესამე დღეა, მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, რამდენიმე ავტობუსით პოლიციის თანამშრომლები მიიყვანეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება.
როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა, პოლიცია საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს იცავს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა გამოიხატება შემდეგში – აქციის მონაწილეებს აქვთ გეზ-ის შესასვლელი გადაკეტილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მძღოლებთან, შესაბამისი სამსახურები ესაუბრებიან, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიცავთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.
გეზ-თან აქციის მონაწილეები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.
ამასთან, ხორბლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გეზ-ის გამშვები პუნქტი ტრაილერებით აქვთ ჩახერგილი. აქციის მონაწილეების თქმით, ფინანსთა სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დრო 18:00 საათამდე აქვს. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი ბრძანებას არ გააუქმებს და არ დაუშვებს ისევ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის გადაზიდვას, მძღოლები ხვალიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ხორბლის იმპორტიორი შპს „ალავერდის“ დამფუძნებელი გია ქაიხოსროშვილი აცხადებს, რომ აქციაზე დგომა და გეზ-ის პარალიზება არავის ინტერესში არ არის, თუმცა ადამიანები ზარალდებიან.
„თუ დღეს საღამოს არ გადაწყდება დადებითად ჩვენი მოთხოვნა, უმართავი გახდება სიტუაცია. ამ ადამიანებს სხვა გზა არ რჩებათ“, – განაცხადა გია ქაიხოსროშვილმა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდებს, საინიციატივო ჯგუფი შექმნან.