ლიეტუვის დედაქალაქში, მთავარი კათედრის მოედანზე საქართველოს დროშა გაშალეს [ფოტო-ვიდეო]
ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ლიეტუველ ხალხს განსაკუთრებულად გულთბილი მილოცვისთვის.
„საქართველოს საელჩო ულოცავს ჩვენს თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვან თარიღს ლიეტუვა და ლიეტუველი მეგობრები ტრადიციულად გამორჩეულად გვილოცავენ. 26 მაისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე გაიშალა საქართველოს გიგანტური დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ქართველმა სტუდენტებმა და ასევე ლიეტუველებმა, რომლებიც ქართულ ენას შეისწავლიან ვილნიუსის უნივერსიტეტში.
გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და ქ. კაუნასის მერიის ისტორიული შენობა „რატუშე“.
საქართველოს საელჩო გულწრფელ მადლობას უხდის ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ლიეტუველ ხალხს განსაკუთრებულად გულთბილი მოლოცვისთვის და საზეიმო განწყობის ამაღლებისთვის.
ქართველ და ლიეტუველ ხალხს მუდამ აკავშირებდა თავისუფლებისკენ ძლიერი სწრაფვა, დღევანდელი დღე კი, ჩვენი ქვეყნების პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.