ლიეტუველი ფერმერები აცხადებენ, რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა არა უკრაინული, არამედ რუსული მარცვლეულია, რომელიც ევროკავშირში დიდი რაოდენობით ხვდება
პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე ფერმერების ბლოკადის ფონზე ლიეტუველი ფერმერები აცხადებენ, რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა არა უკრაინული, არამედ რუსული მარცვლეულია, რომელიც ევროკავშირში დიდი რაოდენობით ხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ლიეტუველი ფერმერები რუსული მარცვლეულის იმპორტით შეშფოთებულნი არიან.
„2023 წელს ლატვიასა და ლიეტუვაში ერთად სამ მილიონ ტონაზე მეტმა რუსულმა მარცვლეულმა გაიარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ევროკავშირის ბაზარზე 12 მილიონი ტონა რუსული მარცვლეული შევიდა“, – განაცხადა ლიეტუვის მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, აუშრის მაკიაუსკასმა.
მისი თქმით, რუსული მარცვლეული ევროკავშირის მასშტაბით ამცირებს ფასებს, რუსეთი კი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა სოფლის მეურნეობის სექტორში ქაოსი შექმნას.
„არსებობს რეგულაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს, ჩაერიოს ბაზარზე არსებულ საგანგებო სიტუაციებში და დაიწყოს სურსათის ყიდვა, რომლის ფასებიც მკვეთრად ეცემა“, – განაცხადა მაკიაუსკასმა.
მარცვლეულის გადამამუშავებლების ინფორმაციით, გასულ წელს ლიეტუვაში დაახლოებით 50 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული შევიდა, რაც ომამდელ პერიოდზე გაცილებით ნაკლებია. გადამამუშავებლები ისევე, როგორც მარცვლეულის მწარმოებლები ხაზს უსვამენ, რომ რეალური პრობლემა რუსული მარცვლეულია.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ მიმართავს პოლონეთის სეიმს რუსული და ბელარუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით.