„პოლიტიკო“ - პოლონეთის ახალი მთავრობა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვას შეინარჩუნებს
„პოლიტიკო“ - პოლონეთის ახალი მთავრობა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვას შეინარჩუნებს

პოლონეთის ახალი მთავრობა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვას შეინარჩუნებს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ დონალდ ტუსკის ადმინისტრაციის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

დონალდ ტუსკის მთავრობა კოალიციურია და რამდენიმე პარტიისგან შედგება, მათ შორის არის „პოლონეთის სახალხო პარტია“, რომლის წევრი ჩესლავ შეკიერსკი სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ის ჯერ თავს იკავებს უკრაინული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის საკითხზე კომენტარისგან, თუმცა მისი თანაგუნდელი სტეფან კრაიევსკი ამბობს, რომ ემბარგოს შენარჩუნება აუცილებელია.

„უნდა დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ არა პოლონელი ფერმერებისა და მეწარმეების ხარჯზე. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთობლივი გამოსავალი, რადგანაც ჩვენ, როგორც უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანას, ყველაზე დიდი ტვირთი გვაწევს. ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ერთად, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის მთელი ევროპის პრობლემა“, – განაცხადა კრაიევსკიმ.

„პოლიტიკო“ წერს, რომ პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის მიერ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აპრილში დაწესებულმა შეზღუდვამ ვარშავასა და კიევს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია, ამასთან, ამ გადაწყვეტილებით პოლონეთი წინააღმდეგობაში მოვიდა ევროკავშირის მიერ არჩეულ კურსთან. დონალდ ტუსკი საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მისი მთავრობა წინამორბედი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს გადახედავდა და შეცვლიდა.