ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი (გრიგორი ლეპსვერიძე) და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, შესაბამის გადაწყვეტილებას ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეიმუტის მისუნასმა საგარეო საქმეთა მინისტრ ინას ლინკევიჩუსის მიმართვის შემდეგ 30 აპრილს მოაწერა ხელი.
ლეპსის წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვაში მოქმედი „მაგნიტსკის სიის“ საფუძველზე შევიდა, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს „შავ სიაში” შეიყვანოს კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პირები.
როგორც ლიეტუვურ მედიასთან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარიუს სკუსიავიჩუსმა განაცხადა, ლეპსის „შავ სიაში“ შეყვანის გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
„მიგვანია, რომ ის, რაშიც მას ადანაშაულებენ აშშ-ში, საკმარისი მიზეზია „შავ სიაში“ შესაყვანად“, – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
როგორც „დელფი“ წერს, გრიგორი ლეპსი კონცერტით ლიეტუვაში 2019 წლის მარტში იმყოფებოდა.
გრიგორი ლეპსს აშშ-ის მიერ სანქციები 2013 წლიდან აქვს დაწესებული. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუს მომღერალს კრიმინალურ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.