ლიეჟში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბელგიის პოლიციამ პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი გამოკითხა
ბელგიის ქალაქ ლიეჟის პოლიციაში პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა გუშინდელ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხეს.
ლიკა ალელიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ პოლიცია ინტერესდება კონგრესთა სასახლეში მომხდარი დაპირისპირებით, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პირმა წიწაკის სპრეი ჟურნალისტისა და ემიგრანტების ნაწილის წინააღმდეგ გამოიყენა.
„გამომძიებლები დაინტერესდნენ გუშინ მომხდარი ინციდენტით. მკითხეს, თუ ვიცოდი, ვინ იყო პირი, რომელმაც წიწაკის სპრეი გამოიყენა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მისი ვინაობა ჩემთვის უცნობი იყო, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია. სამართალდამცველებმა მთხოვეს, გადამეცა მათთვის ვიდეომასალები“, – განაცხადა ლიკა ალელიშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ლიკა ალელიშვილი ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.