აქციის დაშლისას დაშავებული საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
აქციის დაშლისას დაშავებული საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიით დაშავდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„როგორც ექიმები ამბობენ, ამ დროისთვის ჩემი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადავრჩი, ასე მეუბნებიან, რადგან ტყვია ძალიან ოდნავ ასცდა არტერიას, დაზიანებული მაქვს ნერვი. ფეხი შენარჩუნებულია, რაც მთავარია, სისხლისგან არ დავცლილვარ,რადგან სასწრაფომ ადგილზევე აღმომიჩინა დახმარება და შემიჩერა სისხლდენა. შემდეგ გადმომიყვანა საავადმყოფოში. რაც შეეხება იმას, როგორ დამემართა, ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით პირდაპირ ეთერში, რა დროსაც მოხდა გასროლა პარლამენტის მხრიდან სპეცრაზმის მიერ და დავინახე სისხლი, ვიგრძენი ტკივილი და აქციის მონაწილეებს ვთხოვე, სასწრაფომდე მივეყვანე“, – განაცხადა ლიკა ალელიშვილმა.

პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს გუშინ 30-მდე მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მათგან ხუთი საქართველოს პირველი არხის თანამშრომელია.