ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაურის ოჯახის ინფორმაციით, სოსლან კაკაბაძე საბუთების გაფორმებას ელოდება
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ ბათუმელ მეზღვაურს ოჯახში ელოდებიან. სოსლან კაკაბაძემ ლიბიის ციხე უკვე დატოვა. ინფორმაციას ადასტურებს მისი მეუღლე დონარა გოგიტიძე.
მისივე ინფორმაციით, ქართველი მეზღვაური სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
„ვერ ვიჯერებ, რომ გაათავისუფლეს და სახლში დაბრუნდება. საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში დამირეკა უკვე მასთან ერთად არის. როდის ჩამოვა არ ვიცი, ელოდებიან საბუთებს. სამი წელი ადამიანმა არაფრისთვის მოიხადა. მზარეული იყო და არც არანაირი კავშირი ექნებოდა ტვირთთან, მით უმეტეს, კონტრაბანდასთან. როგორც ვიცი, გემზე კონტრაბანდული ტვირთის ატანის მცდელობა იყო“, – განაცხადა მეზღვაურის მეუღლემ.
მისივე ინფორმაციით, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები არ არიან გათავისუფლებულნი.
„ბოლოს რვა თვის წინ მქონდა კონტაქტი. გაუსაძლისი პირობები ჰქონდა. ტანზე შემოეხა ყველაფერი და უნგრეთის ელჩმა შეუტანა ტანსაცმელი, პირველადი დახმარების ნივთები. წყალი ძალიან ჭირდა იქ“, – განაცხადა დონარა გოგიტიძემ.
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე დღეს გაათავისუფლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს. როგორც კაკაბაძის ოჯახის წევრები ამბობდნენ, ბრალდება არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობაა.
ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული.