ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი - ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული სოსლან კაკაბაძე სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება
ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი - ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული სოსლან კაკაბაძე სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება

ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე, სოსლან კაკაბაძე სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება, – ამის შესახებ ამის შესახებ 1tv.ge-ს ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ბათუმელი მეზღვაურის საქართველოში დაბრუნების მიზნით, ინტენსიურად ტარდება შესაბამისი საორგანიზაციო და ლოგისტიკური ღონისძიებები.

სოსლან კაკაბაძე, რომელიც საზღვაო ხომალდ SOVEREIGN-ზე მზარეულად მუშაობდა, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, პატიმრობაში 2015 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა. ლიბიის კომპეტენტურმა ორგანოებმა სისხლის სამართლის გამოძიება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის მუხლით დაიწყო.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 29 აპრილს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში გაიმართა სასამართლო პროცესი სოსლან კაკაბაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მის მიმართ ყველა ბრალდების მოხსნისა და პატიმრობიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გასამართლებულ სხვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, – განაცხადა ალექსანდრე ნალბანდოვმა

ეგვიპტეში საქართველოს ელჩის განმარტებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება 30 თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

„ლიბიაში არსებული მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარებისა და უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო, ასევე მნიშვნელოვნად გაჭიანურდა სასამართლო ორგანოების მიერ საქმის არსებითი განხილვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო (რომელიც ასევე ლიბიის მიმართულებით მუშაობს), ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქისთვის საკონსულო დაცვისა და სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლიბიაში ჩვენი რეზიდენტი დიპლომატიური მისია და საკონსულო სამსახური არ არის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, პირველ ეტაპზე, სოსლან კაკაბაძის, ხოლო შემდგომში – პატიმრობაში მყოფი საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის საკონსულო დაცვას უზრუნველყოფს ლიბიაში უნგრეთის საელჩო, რომელსაც მოგვიანებით იტალიის საელჩოც შეუერთდა“, – განაცხადა ალექსანდრე ნალბანდოვმა.

ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე რჩებიან. მათ საქმეზე სასამართლო მოსმენა ლიბიაში 20 მაისს არის ჩანიშნული.

საზღვაო ხომალდ REX-ის ეკიპაჟის წევრები, გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე  2017 წლის აგვისტოს ბოლოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.