ეგვიპტეში საქართველოს ელჩი - ლიბიაში დაკავებული გენადი კომახიძისა და რომან კაკალაძის უფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა
ეგვიპტეში საქართველოს ელჩი - ლიბიაში დაკავებული გენადი კომახიძისა და რომან კაკალაძის უფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა

ლიბიაში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა საგარეო უწყებისა და ჩვენი საელჩოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, – ამის შესახებ 1tv.ge-ს ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა განუცხადა.

ეგვიპტეში საქართველოს ელჩს 1tv.ge-მ ლიბიაში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის საკითხზე კითხვით მიმართა. საქმე ეხება საზღვაო ხომალდ REX-ის ეკიპაჟის წევრებს, გენადი კომახიძესა და რომან კაკალაძეს, რომლებიც  2017 წლის აგვისტოს ბოლოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო მოსმენა ლიბიაში 20 მაისს არის ჩანიშნული.

როგორც ნალბანდოვმა აღნიშნა, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მიზანმიმართული, კოორდინირებული მუშაობა საქმეში ჩართულ ყველა მხარესთან, საქართველოს თანამოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესების, მათი გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

„თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება და მათზე გადაწყვეტილების მიღება ლიბიის საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, რაც აპრიორი გამორიცხავს მესამე მხარის პირდაპირი ჩარევის და/ან ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას“, – განაცხადა ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა.

ნალბანდოვის ინფორმაციით, ამჟამად ლიბიის შესაბამისი ორგანოები კომახიძისა და კაკალაძის სისხლის სამართლის საქმეზე ატარებენ წინასწარ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც 20 მაისს სასამართლო მოსმენა ჩაინიშნა.

ელჩის განმარტებით, მოსმენის შედეგად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიების შემდგომი გაგრძელების, ან მისი დასრულებისა და სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. 

„მთავარია, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობდეს გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე და შესაბამისმა ორგანომ გონივრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ინკრიმინირებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებული ბრალდების საფუძვლიანობის შესახებ.

მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა შემდეგს: ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ლიბიაშიც სამართლებრივი დევნა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ, ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენს მთავარ ამოცანას სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის პროცესში საქართველოს მოქალაქეთა ადეკვატური სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

რაც შეეხება შეკითხვას საქმის შესაძლო შედეგთან დაკავშირებით, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში კონკრეტული პროგნოზების დონეზე საუბარი ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა“, – განუცხადა 1tv.ge-ს ალექსანდრე ნალბანდოვმა.

გარდა ამისა, ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა განმარტა, რომ გენადი კომახიძისა და რომან კაკალაძის სისხლის სამართლის საქმეს საერთო არაფერი აქვს სოსლან კაკაბაძის საქმესთან, რომელიც ლიბიის ციხიდან ორი 29 აპრილს გაათავისუფლეს.

„შეგახსენებთ, რომ საზღვაო ხომალდ REX-ის ეკიპაჟის წევრები ბატონი გენადი კომახიძე (გემის კაპიტანი), რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა დააპატიმრეს 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, თუმცა ანალოგიური – ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის მცდელობის – ბრალდებით, რომელსაც ასევე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ემატება.

ამასთან, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს საგარეო უწყების, ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მოხერხდა სასურველი შედეგის მიღწევა ნუკრი ხოხბას საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ლიბიის ხელისუფლებამ არა სასამართლო პროცედურის დაცვით პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

ამის შემდეგ, ჩვენი უნგრელი კოლეგების დახმარებით, უზრუნველყოფილი იქნა მისი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში“, – განაცხადა ნალბანდოვმა.

რაც შეეხება დაკავებულების მდგომარეობას, როგორც ნალბანდოვმა აღნიშნა, ლიბიაში ვიზიტის დროს ქალაქ ტაჯურას ციხეში მოინახულა გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. მისი თქმით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პატიმართა ადვოკატი აბუბაქრ ეშრიფი, ლიბიაში საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობაზე დამტკიცებული კანდიდატი ალი ეშეტვი და ლიბიაში უნგრეთის საელჩოს კონსული გაბორ შანდორ გუბიცა.

როგორც ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა განაცხადა, ძირითადად მათ მდგომარეობასა და სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„ლიბიაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების, უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, პატიმრობაში მყოფ პირთათვის ადეკვატური საარსებო პირობების შექმნის, სურსათით და პირველადი მოხმარების საგნებით მომარაგების მხრივ ადგილობრივი პენიტენციური სისტემა პრობლემებს აწყდება, რაც ყველა პატიმარს დამატებით სირთულეებს უქმნის. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს თხოვნით, საქმეში ჩართული იურისტებისა და ლიბიაში უნგრეთის საელჩოს დახმარებით, ჩვენს პატიმრებს პერიოდულად სურსათი, სასმელი წყალი, პირველადი მოხმარების საგნები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო პრეპარატებიც მიეწოდება. ჩვენი შეხვედრის დროსაც ბატონებს, გენადი კომახიძესა და რომან კაკალაძეს კვების პროდუქტები და სასმელი წყალი მივაწოდეთ.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საელჩოს თხოვნით, ჩვენი პარტნიორები სწრაფ და ქმედით რეაგირებას ახდენენ“, – განაცხადა ნალბანდოვმა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყება და საქართველოს საელჩო რეგულარულ კომუნიკაციას ახორციელებს პატიმრების ოჯახებთან და მაქსიმალურად ხელს უწყობს პატიმრებისა და მათი ოჯახების პირდაპირ სატელეფონო კომუნიკაციას.

„კარგად გვესმის, რომ მძიმე განსაცდელში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა.