„ლიბერთი ბანკი“ სოციალური ბარათების მოქმედების ვადას სამი თვით ახანგრძლივებს
„ლიბერთი ბანკის“ სოციალური ტიპის იმ ძირითადი ბარათების ვადა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ამოიწურა, დღეიდან მაისის ბოლომდე გახანგრძლივდა.
„ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შემცირებაა.
ამასთან, „ლიბერთის“ გადაწყვეტილებით, ავტომატურად სამი თვით გაგრძელდა იმ სოციალური ტიპის ბარათების მოქმედების ვადა, რომელთათვისაც ეს მიმდინარე წლის მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება.
„ამ გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ზრუნვას, ვაკეთებთ ყველაფერს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის ბანკში ვიზიტის საჭიროება და საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს, პენსიონერებსა და სოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუფერხებლად ისარგებლონ „ლიბერთის“ ბარათებით“ – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.