„ლიბერალის“ ჟურნალისტები სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
„ლიბერალის“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ მედიასაშუალებას სამი რედაქტორი და ყველა ჟურნალისტი ტოვებს.
როგორც განცხადებაში ჟურნალისტები აღნიშნავენ, „ლიბერალის“ მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს მიმართეს წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადაეცა ან მიეყიდა მათთვის. თუმცა, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მათ წინადადებაზე მფლობელმა უარი უთხრათ და პასუხად განუცხადათ, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დააანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.
ჟურნალისტების განცხადებით, მენეჯმენტთან განსხვავებული ხედვების გამო, „ლიბერალში“ მათი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს გავუგზავნეთ განცხადება, რომლითაც შევატყობინეთ, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ ვტოვებდით რედაქციას.
(„ლიბერალში“ 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას).
მოკლედ მიზეზებზე:
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით „ლიბერალში“ და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.
არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.
ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად).
ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.
რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.
დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის.
დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით“,- აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ – ზურა ვარდიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, დავით გამისონია, თათია ხალიანი, ნათია ამირანაშვილი, სალომე გორგოძე, ქრისტინე მუჯირი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, ბასტი მგალობლიშვილი, ნინო კალატოზიშვილი და ნათია ორმოცაძე.