„ლიბერალის“ რედაქტორზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
„ლიბერალის“ რედაქტორზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორ ზურაბ ვარდიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, „ლიბერალის“ რედაქტორს – ზურაბ ვარდიაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თავდამსხმელის ვინაობა მალევე დაადგინა. ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები. ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებულის განცხადებით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლ.მ.-ს თქმით, მან მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაც დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.