ლიბანში ჭურვის აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი დამკვირვებელი და მათი თარჯიმანი დაშავდნენ
ლიბანში ჭურვის აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი დამკვირვებელი და მათი თარჯიმანი დაშავდნენ

ლიბანში ჭურვის აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი დამკვირვებელი და მათი თარჯიმანი დაშავდნენ. გაერო-ს სამშვიდობო მისიის განცხადებით, დამკვირვებლები ლიბანის სამხრეთში ფეხით პატრულირებდნენ, როდესაც მათ გვერდით ჭურვი აფეთქდა.

გაერო-ს სამშვიდობო მისია განთავსებულია სამხრეთ ლიბანში, ლიბანსა და ისრაელს შორის სადემარკაციო ხაზის გასწვრივ მონიტორინგისთვის. ოქტომბრის შემდეგ აღნიშნულ ზონაში დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელის ძალებს შორის ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შემთხვევები ხშირია.

გაერო-ს მიერ გავრელებულ განცხადებაში მშვიდობისმყოფელების სამიზნეში ამოღებას მიუღებელი უწოდეს და აღნიშნეს, რომ დაშავებულები სამკურნალოდ არიან ევაკუირებული.

სააგენტო „როიტერი“ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამკვირვებლები ისრაელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდნენ, თუმცა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ. გაერო-ს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელს, აროლდო ლოზაროს ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯიბ მიკატი ესაუბრა და მომხდარი დაგმო.

ამასთან, როგორც „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი დაშავებული დამკვირვებელი ნორვეგიის მოქალაქეა. მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. ლიბანური მედიის ცნობით, კიდევ ორი დაშავებული ჩილესა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან.