ლიბანის პრემიერი, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, 21 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში ჩავა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ალ-ჰარირი, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება 4 ნოემბერს ერ-რიადიდან გააკეთა, სამშაბათს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის შეხვდება. ინფორმაციას ჰარირის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამჟამად ლიბანის პრემიერი პარიზში იმყოფება, სადაც ის შაბათს ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ჰარირიმ პარიზში გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ოთხშაბათს ლიბანში დაბრუნებას და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასწრებას აპირებს.
ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ჰარირის გადადგომის აღიარებაზე უარს ამბობს, სანამ ის ქვეყანაში არ დაბრუნდება. მანამდე აუნი აცხადებდა, რომ ჰარირი ერ-რიადის ტყვეობაში იყო და განცხადებაც მათი ზემოქმედების ქვეშ გააკეთა.
პარასკევს ჰარირიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერ-რიადში მისი ყოფნის მიზეზი ლიბანის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისა და გარემომცველ არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის დარეგულირების გზების ძიება იყო.
კვირას, არაბული ქვეყნების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები კაიროში საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რომლის ორგანიზატორიც საუდის არაბეთი იყო. შეხვედრაზე რეგიონში ირანისა და ჰეზბოლას როლის შესუსტების საკითხი განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებაში მინისტრებმა ჰეზბოლას არაბულ ქვეყნებში ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. შეხვედრას არ დასწრებია ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი.