ლიბანში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ლიბანის პოლიციამ დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამავე დროს, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ დაკავებული კომპანია Uber-ის მძღოლია, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს. ამგვარად, გამოძიება მომხდარის პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს და მკვლელობას კრიმინალს უკავშირებს.
რებეკა დაიკსის ცხედარი 16 დეკმბერს ბეირუთის გარეუბანში, ავტომაგისტრალის განაპირას აღმოაჩინეს. როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ქალი გაგუდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პარასკევს საღამოს დაიკსი კოლეგასთან წვეულებაზე სტუმრად იმყოფებოდა.
„განადგურებულები ვართ საყვარელი რებეკას დაკარგვის გამო. ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ დავადგინოთ, რა მოხდა. ვითხოვთ, მედია არ შეიჭრას ჩვენს პირად ცხოვრებაში“, – ნათქვამია მოკლულის ოჯახის განცხადებაში.
რებეკა დაიკსი ბეირუთში 2017 წლის იანვრიდან მუშაობდა. ის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სამინისტროს პროგრამებს ხელმძღვანელობდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ლიბანის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფებიან.