ლიბანის კრიზისი - გადამდგარი პრემიერის ვნებები
ლიბანის კრიზისი - გადამდგარი პრემიერის ვნებები

ლიბანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საად ალ-ჰარირიმ რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ, განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. ჰარირი 4 ნოემბერს საუდის არაბეთში ყოფნის დროს გადადგა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს. ლიბანის მთავრობა და სამხედრო გაერთიანება „ჰეზბოლა“ ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრემიერი საუდის არაბეთში შინაპატიმრობაში ჰყავდათ.

საად ჰარირიმ განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა. ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და ლიბანის კოალიციურ მთავრობას მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ. „ჩემი ოჯახი მის მეორე სამშობლოში, საუდის არაბეთში დარჩება.“ – დაწერა ჰარირიმ.

ვინ არის საად ჰარირი?

საად ჰარირიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი პირველად 2009 წელს დაიკავა. იგი ლიბანის მთავრობის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, ვინც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს დაუპირისპირდა. ჰარირი კოალიციური მთავრობის პრემიერად 2016 წელს ხელახლა დაინიშნა, პოლიტიკურ ასპარეზზე კი 35 წლის ასაკში, 2005 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც მისი მამა, რაფიკ ალ-ჰარირი მოკლეს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ალ-ჰარირის მკვლელობაში ოჯახმა ჯერ ირანის მოკავშირე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, შემდეგ კი სამხედრო გაერთიანება ჰეზბოლა დაადანაშაულა. თავად ჰეზბოლა აცხადებდა, რომ მკვლელობა ისრაელის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. მას შემდეგ ჰარირის ოჯახს ირანთან მტრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

საად ჰარირის საუდის არაბეთთან ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. იგი ერ-რიადში დაიბადა და მამამისის მსგავსად, ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ლიბანისა და საუდის არაბეთის. ჰეზბოლა და სხვა ოპონენტები ყოფილ პრემიერს ხშირად საუდის არაბეთის ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს. ჰარირი ერთ-ერთია არაბული ლიგის ქვეყნების ლიდერებს შორის, ვისაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

წლების განმავლობაში საად ჰარირი ირანისა და მისი მოკავშირეების მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ ირანი და ჰეზბოლა მის ქვეყანაში ომის გაღვივებას ცდილობენ.

4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჰარირიმ ასევე აღნიშნა, რომ გადადგომა გადაწყვიტა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჰარირი ლიბანში არსებული ვითარება 2005 წლის პერიოდს შეადარა, როცა რაფიკ ჰარირი მოკლეს.

ირანის მოკავშირე, სამხედრო გაერთიანება ჰეზბოლა, რომელიც აშშ-სა და ისრაელში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ამტკიცებს, რომ მიუხედავად მჭიდრო კავშირისა, საუდის არაბეთი ჰარირის რბილი პოლიტიკით უკმაყოფილოა და ახლა მისი შემცვლელის პოვნა სურთ.

გარდა ამისა, ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ მიმდინარე პროცესებში ისრაელის მთავრობა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისრაელი საუდის არაბეთთან ერთად, ლიბანში პოლიტიკური კრიზისის ესკალაციას ცდილობს.

ევროპაში შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს, სადაც საუდის არაბეთისა და ირანის სამხედრო ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება, შესაძლოა, ლიბანიც შეუერთდეს. მიმდინარე კრიზისისა და რეგიონში ჰეგემონიისთვის ერ-რიადისა და თეირანის ბრძოლის ფონზე, რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კი საგანგებო წერილობითი განცხადება გაავრცელა. რექს ტილერსონმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, ლიბანის სუვერენიტეტს პატივი სცენ და ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიონ.

საუდის არაბეთის და ირანის დაპირისპირება

ახლო აღმოსავლეთის ორი გავლენიანი სახელმწიფოს, სუნიტური საუდის არაბეთისა და შიიტური ირანის დაპირისპირება 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციიდან იღებს სათავეს, რაც მექაში 1987 წელს შიიტი მომლოცველების ხოცვის შემდეგ, კიდევ უფრო გამწვავდა. გარდა ამისა, 1980-88 წლებში ირან-ერაყის ომის დროს, საუდის არაბეთმა სადამ ჰუსეინის რეჟიმს ირანის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, საბოლოოდ, იემენის კონფლიქტის დროს დაიძაბა. ერ-რიადში კონფლიქტის ესკალაციაში ირანის მოკავშირე ჰუსიტები დაადანაშაულეს, რის შემდეგაც საუდის არაბეთის მთავრობამ სპარსეთის ყურის ქვეყნების სამხედრო კოალიცია შექმნა. აღნიშნული კოალიცია იემენში ავიაიერიშს 2015 წლის გაზაფხულიდან ახორციელებს.

2016 წელს ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყდა, რაც შედეგად 2016 წლის იანვარში 47 შიიტისა და სასულიერო პირის, ნიმრ ალ-ნიმრის მიმართ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს მოჰყვა. თეირანმა საუდის არაბეთს რელიგიური ნიშნით შიიტი მუსლიმების დევნაში დასდო ბრალი, ერ-რიადში კი აცხადებდნენ, რომ ამ პირებს ტერორიზმში ედებოდათ ბრალი.

შიიტურ ირანთან მეგობრული ურთიერთობის გამო, საუდის არაბეთმა თავის დროზე მისი მოკავშირე არაბული სახელმწიფოც „დასაჯა“. მიმდინარე წლის ზაფხულში საუდის არაბეთმა სამ არაბულ ქვეყანასთან ერთად ყატარი დიპლომატიურ ბლოკადაში მოაქცია. მიზეზად ირანთან ყატარის კავშირი და ტერორისტების დაფინანსება დასახელდა.

საუდის არაბეთის მთავრობამ ოფიციალურ დოჰას ულტიმატუმი წაუყენა – გაეწყვიტა ურთიერთობა ოფიციალურ თეირანთან, რასაც ყატარმა უარით უპასუხა. მას შემდეგ ყატარსა და დანარჩენ ოთხ არაბულ სახელმწიფოს შორის (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ეგვიპტე) დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგენილა.

 

ავტორი: ქეთი თუთბერიძე