ლია გიგაური - სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ძალისხმევას არ დავაკლებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ლია გიგაურის თქმით, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ძალისხმევას არ დავაკლებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს.
„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭიანურება კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაგრძელოთ ძალისხმევა. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა ძალისხმევაა არ დავაკლებთ, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ და გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.
ბერკეტები გახლავთ როგორც არაფორმალური გზებით ზემოქმედება, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზემოქმედება. ასევე იმ ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი და დაუღალავი მუშაობა, რომლებთანაც გვაქვს 24-საათიანი კავშირი და რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და მიაღებინონ გადაწყვეტილება გაფრინდაშვილის ცალსახა, უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დე ფაქტო გადაწყვეტილებების მიუხედავად“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.