ლია გიგაური - როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაშავებულ მოზარდებს ხვალ გაწერენ
ლია გიგაური - როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაშავებულ მოზარდებს ხვალ გაწერენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მოსწავლეები მოინახულა და მათ გაესაუბრა.

ლია გიგაურის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მან შემთხვევის შედეგად დაღუპული მოსწავლის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„შეძრწუნებული ვართ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს, მშობლებს, სკოლას, თანაკლასელებს. მოვინახულეთ სხვა დაზარალებული ბავშვებიც, ვესაუბრეთ ექიმებს და მშობლებს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტურები არიან“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისი თქმით, როგორც ბავშვები ყვებიან, მათ ექსკურსია დაგეგმეს და ქალაქში გამოვიდნენ. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბარათაშვილის ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე ჩამოვიდნენ.

„როგორ ბავშვებმა თქვეს, გამიზნულად დაგეგმეს ასეთი ექსკურსია და გამოვიდნენ ქალაქში. როცა ჩამოვიდენ გაჩერებაზე, ამის შემდეგ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა. სტაბილურია ბავშვების მდგომარეობა. თავად მათაც ვესაუბრეთ, ყვებიან მომხდარის შესახებ. შეშინებული და შეძრწუნებილები არიან. პატარ-პატარა ნაკერები, რაც დაადეს, დისკომფორტს იწვევს, ტკივილი აქვთ, მაგრამ არიან სტაბილურად“, – განაცხადა მან.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც ექიმები ამბობენ, მოზარდებს კლინიკიდან სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.