ლევან ვეფხვაძე - კადრების მომზადება-გადამზადებას ბიზნესი მარტო, პარტნიორების გარეშე ვერ გააკეთებს
ლევან ვეფხვაძე - კადრების მომზადება-გადამზადებას ბიზნესი მარტო, პარტნიორების გარეშე ვერ გააკეთებს

კადრების მომზადება-გადამზადებას ბიზნესი მარტო ვერ გააკეთებს, პარტნიორების გარეშე, – ასე უპასუხა „ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „გადაწყვეტილება“ წამყვანის შეკითხვას, თავად ბიზნესი რატომ არ ახორციელებს კადრების მომზადება-გადამზადებას და რატომ არის აუცილებელი, სახელმწიფო იყოს ინვესტორი ამ პროცესში.

„ბიზნესმა იცის, რა პროფესიები შეიძლება, სჭირდებოდეს, მაგრამ კონკრეტული პროგრამების მომზადება შესაბამისი კვალიფიკაციების მიხედვით და გადმოტანა, არ არის კონკრეტული კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება. ამიტომ, მათი კომპეტენცია რაღაცით უნდა შეივსოს და ამაში სახელმწიფოს ჩართულობა-მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც დავუშვათ, ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო დონორების და განათლების სამინისტროს დახმარებით, ეს არის ჰიდროელექტრო სადგურების შენახვის პროგრამა, როდესაც კონკრეტული პროგრამები გვაქვს, ამ პროგრამების ადაპტაციას ვაკეთებთ და სახელმწიფო შემოდის იმ მომენტში, როგორც კი აკრედიტაციას გავატარებთ კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებლებში. მერე უკვე, სახელმწიფო იწყებს ამის დაფინანსებას ამ პროექტით. ეს არის ძალიან კარგი კოლაბორაცია. ასეთი ტიპის კოლაბორაციაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე, მარტო გააკეთებს თუ არა ბიზნესი. პური მეპურემ უნდა აცხოს და არა – ვინმე სხვამ. ანუ, ბიზნესს ნუ მოვთხოვთ, აკეთოს პროგრამები კვალიფიკაციების მიხედვით. ბიზნესს შეუძლია, გითხრათ, რა სჭირდება და თვითონ აქტიურად იყოს ჩართული“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.