ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის შესაძლო გაძლიერებას მიესალმება.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიურობა რეგულაციების გავლენის შეფასების ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კომპანიების ბიზნესსაქმიანობაზე, სჭირდება შესაბამისი დასაბუთება. ჩვენთან რეგულაციები შემოდიოდა ერთ ღამეში, ისე რომ არანაირი წინასწარი დასაბუთება არ ჰქონდა ბიზნესს. მივესალმები, თუ ამ კუთხით მეტი ვალდებულებები შემოვა და პროცესში ბიზნესომბუდსმენის აქტიური ჩართულობა იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ ამ პროცესში“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, რეგულაციების გავლენის შეფასების აზრი მოსალოდნელი სარგებლისა და ზიანის დანახვა და წინასწარი ანალიზია.
„მოსალოდნელი სარგებელი უნდა აღემატებოდეს იმ დანახარჯს, რომელიც საზოგადოების სხვა წევრებმა შეიძლება გასწიონ ამ რეგულაციის გამო“, – განაცხადა ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემაც გააკეთა. მისის თქმით, მოხარულია, რომ სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხს ცალკე ადგილი დაეთმო. მან კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.