ლევან ვეფხვაძე - ლარის კურსმა ბუნებრივ ნიშნულზე დაბრუნება დაიწყო
ლევან ვეფხვაძე - ლარის კურსმა ბუნებრივ ნიშნულზე დაბრუნება დაიწყო

ლარის კურსმა ბუნებრივ ნიშნულზე დაბრუნება დაიწყო, – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

ვეფხვაძის თქმით, ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც რეგულაციების მოხსნის მერეა.

„მას შემდეგ, რაც მოიხსნა პანიკური განწყობები, რეგულაციები შემცირდა, ტურისტული ნაკადები წამოვიდა და ა.შ, დავინახეთ, რომ სპეკულაციური კურსი ყოფილა და დაიწყო დაბრუნება იმ ბუნებრივ ნიშნულზე, რომელიც ეფექტურ გაცვლით კურსს უკავშირდება, დაახლოებით იმ მიდამოებში გვაქვს ახლა, რომელიც წესით ისედაც უნდა ყოფილიყო. ანუ, ახლა კი არ არის რაიმე არაბუნებრივი, არაბუნებრივი იყო ერთი თვის წინ, როდესაც გადახრილი იყო ზედმეტად იმ სტაბილურობის წერტილიდან, რომელშიც შესაძლოა, მანამდეც ყოფილიყო ლარი. ანუ, იმაზე მეტად იყო ლარი გაუფასურებული, ვიდრე თეორიულად შეიძლება, ყოფილიყო.

ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც რეგულაციების მოხსნის მერე დაგვეწყო. თუკი ვიზიტორების რაოდენობამ იმატა, თუკი ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა, ანუ ვალუტის შემოსვლა გაიზარდა ქვეყანაში, ეს ოპტიმისტურ განწყობას ქმნის, რომ ლარის კურსი არ გაუარესდება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1387 ლარი ეღირება, ევრო – 3.8273 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4500 ლარი.