ირაკლი ლექვინაძე - მოხარული ვართ, რომ სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხს ცალკე ადგილი დაეთმო, მზად ვართ კონსულტაციებისთვის
ირაკლი ლექვინაძე - მოხარული ვართ, რომ სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხს ცალკე ადგილი დაეთმო, მზად ვართ კონსულტაციებისთვის

მოხარული ვართ, რომ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხს ცალკე ადგილი დაეთმო, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხის შეტანას ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტიც მოხვდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. ასევე აღნიშნულია, რომ მათ შორის გაძლიერდება ბიზნესთან დიალოგი, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის და გაძლიერდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ლეგიტიმაციის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.

„მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის ოფისის გაძლიერებისთვის კიდევ არის რესურსი და ამ მიმართულებით აპარატში რეგულირების ზეგავლენის შეფასების დანერგვაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ვფიქრობთ, არის რიგი მიმართულებები, სადაც არის რესურსი ბიზნესომბუდსმენის  ოფისის გაძლიერებისთვის. მათ  შორის ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნებისა და შუამდგომლობების ლეგიტიმაციის გაზრდა. ასევე, ბიზნესომბუდსმენის აპარატში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA)  მიმართულების დანერგვა. RIA-ს დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რადგანაც ბევრი საკითხია როგორც უკვე ამოქმედებული, ასევე დაგეგმილი რეგულაციების, რეფორმების კუთხით, რომელიც საჭიროებს ბიზნესზე გავლენის შეფასებას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბიზნესგარემოს მიმართულებით სწორედ არის უკვე არსებული და მოსალოდნელი რეგულაციების გავლენა ბიზნესზე. ვფიქრობ, ბიზნესის მოთხოვნის საფუძველზე, ბიზნესომბუდსმენის ოფისისთვის RIA-ს ჩატარების შესაძლებლობის მიცემა შეამცირებს ახალი რეგულირების ნეგატიურ გავლენებს სამეწარმეო საქმიანობაზე.  ამის დანერგვა ბიზნესომბუდსმენის აპარატში გააძლიერებს ინსტიტუტს და ხელს შეუწყობს ბიზნესომბუდსმენს ოფისის როლის გაზრდას ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენმა ბოლო წლებში, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„აქამდე, იმ ლეგიტიმაციისა და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გვაქვს  ვცდილობთ, ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ეფექტიანად. ჩვენი ოფისის მუშაობის ეფექტიანობა ასახულია ჩვენივე შედეგებში. ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერებისთვის ჩვენ გადავდგით რიგი ნაბიჯები. მათ შორის, ადმინისტრაციულ დავებში სასამართლო მეგობრის ფუნქციის დამატება. ასევე, დონორებთან თანამშრომლობით ინევსტიციების დაცვის მიმართულებით დავნერგეთ სისტემური პლატფორმა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.