ლევან სილაგავა - მთავრობის მიერ შემუშავდა მექანიზმი, სუბსიდირების შედეგად როგორმე დაჭერილიყო პურის ფასი, გადაწყდა ფქვილის სუბსიდირება
ლევან სილაგავა - მთავრობის მიერ შემუშავდა მექანიზმი, სუბსიდირების შედეგად როგორმე დაჭერილიყო პურის ფასი, გადაწყდა ფქვილის სუბსიდირება

გაზის ტარიფი არ არის ასახული პურის მწარმოებლებზე, შესაბამისად აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები ამაზე დამოკიდებული დღესდღეობით არ იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა.

„ რაც შეეხება ჩვენ დარგს, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაძვირებულია ხორბალი. კიდევ ერთი ფაქტორი არის ლარის კურსის რყევები დოლართან მიმართებით. ჩვენ იმპორტირებულ ხორბალს ვყიდულობთ დოლარში, შესაბამისად კურსი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. სექტემბერში საერთაშორიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იყო 200 დოლარი, ნოემბერში უკვე 270 დოლარი, შესაბამისად სექტემბრიდან ნოემბრამდე ყველა შემოტანა ჯდებოდა უფრო ძვირი, შესაბამისად ძვირდებოდა ფქვილიც. ანუ, თუ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 50 ლარი, დღეს არის უკვე 58-59 ლარი და რეალური ფასი სულ მალე, სადღაც 12-13 დღეში იქნება 63 ლარი. რადგან ვიცით, რომ პური სოციალური პროდუქტია, მთავრობის მიზანი იყო, რომ პურის ფასი შენარჩუნებულიყო. ანუ საბაზრო ფასი დღეს არის 63-64 ლარი და აქეთ რომ მივდიოდით, რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობასთან ერთად ვმუშაობდით რამდენიმე სცენარზე, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო სცენარები. შემუშავდა საბოლოოდ მექანიზმი, სუბსიდირების შედეგად როგორმე დაჭერილიყო პურის ფასი. გადაწყდა ფქვილის სუბსიდირება, რადგან უფრო მარტივია ადმინისტრირება 30 და 40 წისქვილის, ვიდრე 2 500 საცხობის, რადგან დიდია რაოდენობა“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი.

„უახლოეს მომავალში გამოცხადდება ალბათ ტენდერი, როგორც გითხარით, დღეს საშუალოდ 63 ლარია ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი და 10-ლარიანი სუბსიდირებით, 53 ლარად მიაწვდიან წისქვილკომბინატები იმ პურის ქარხნებს, რომელთა სიას წარმოადგენს პურის მრეწველთა კავშირი. ტენდერის პირობები არის ასეთი-არის ინტერესთა გამოხატვა, მაქსიმუმ 10 ლარიან სუბსიდირებაზე სახელმწიფოს მიერ, რომ წისქვილკომბინატებმა წარმოდგენილი სიის მიხედვით, მიაწოდოს ამ ქარხნებს 53 ლარად ფიქსირებულად პირველი ხარისხის ფქვილი, რათა მათ გამოაცხონ მასიური მოხმარების პური, რომ პური არ გაძვირდეს.
გაძვირების მიუხედავად, პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის გაზის ფასი დარჩება იგივე. ანუ არ ძვირდება, ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, ისინი არიან სრულად ელექტროენერგიაზე, ანუ ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს“, – განაცხადა სილაგავამ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმდჯომარე აცხადებს, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი იქნება ყველაგან 53 ლარი, რაც ასე არ არის.

„ეს იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერით გამოცხადდება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია, შესაბამისად მხოლოდ ამ ქარხნებისთვის, რომლებიც მასიურ პურს აცხობენ, იქნება 53 ლარად მიწოდებული ფქვილი. ეს არის თვეში 10 ათასი ტონა და საქართველოს ჭირდება თვეში დაახლოებით 30 000 ტონა ფქვილი, დანარჩენი 20 000 ტონაზე იქნება თავისუფალი ფასები, შესაბამისად, ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური და ა.შ, ამაზე არ მოქმედებს სუბსიდია. ეს მოქმედებს მხოლოდ 10 000 ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად 53 ლარად იმ პურის ქარხნებზე, რომელიც სიაში წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. რეალურად ნამცხვრები, ხაჭაპური, რაღაც საგემოვნო პურები, რომელიც ყოველდღიური მოხმარების არ არის და სადღესასწაულო ძირითადად, მათზე სუბსიდია არ მოქმედებს. მოქმედებს მხოლოდ იმ პურის ქარხნებზე, რომლებიც აცხობენ მასიური მოხმარების პურს და რომლებსაც წარმოადგენს პურის მრეწველთა კავშირი, სწორედ იმიტომ რომ ფასი შენარჩუნდეს მასობრივი მოხმარების პურზე“, – განაცხადა სილაგავამ.