ლევან რატიანი - შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ყველაფერი კეთდება, რათა სამივეს სიცოცხლე შენარჩუნდეს
შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ორ პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
„შემოყვანილია სამი პაციენტი, ქალბატონები კრიტიკულ მდგომარეობაში. სამივე ქალბატონს შემოსვლისას ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები. ისინი კვლევების შედეგად მოთავდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. მინდა, გითხრათ, რომ სამივე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორ ქალბატონთან ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. ასევე მინდა, გითხრათ, რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. ქალბატონების საშუალო ასაკი არის 25 წელი. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რათა სამივე ახალგაზრდის სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.