ლევან ნატროშვილი - ჩვენ არ გვითქვამს, რომ სოსო გიორგაძემ თათბირი ჩაატარა, არ მაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა და ვინ ესწრებოდა თათბირს
ჩვენ არ გვითქვამს, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ თათბირი ჩაატარა, არ მაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს, – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომელიც ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე პროკურატურაში მივიდა.
ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც გიორგაძემ გუშინ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პერიოდში 5-10 ნოემბრის კვირაში ვერანაირ თათბირს ვერ ჩაატარებდა, რადგან ჯაკარტაში იმყოფებოდა.
„ჩვენ არ გვითქვამს ასეთი რამ, რომ მან უშუალოდ რაღაც თათბირი ჩაატარა, ანუ ამის შესახებ მე არა მაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს”, – განაცხადა ნატროშვილმა.
გუშინ ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ საია-ს, საერთაშორისო გამჭვირვალობის და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიშა ბენიძემ აღნიშნა, მათი წყაროს ინფორმაციით, ყალბი ID ბარათების საქმეში ჩართულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე. „ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგაძე ჩართული არის ამ საქმეში. წყაროს ინფორმაციის საფუძველზე, მექმნება შთაბეჭდილება, რომ თათბირზე იყი გიორგაძე“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ამასთან, გუშინ კომენტარი გააკეთა სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა 5-10 ნოემბრის კვირაში გამართულ თათბირზე გადაწყდა. გუშინვე სოსო გიორგაძემ პროკურატურაში წარადგინა დოკუმენტი, რომ ამ პერიოდში არა საქართველოში, არამედ ჯაკარტაში იმყოფებოდა.