ლევან მურუსიძე შალვა შავგულიძეს - სულხან მოლაშვილი თავის წამებაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებდა და თქვენ დღეს მისი პარტიის წევრი ხართ
ლევან მურუსიძე შალვა შავგულიძეს - სულხან მოლაშვილი თავის წამებაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებდა და თქვენ დღეს მისი პარტიის წევრი ხართ

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ის არ არის „ევროპული საქართველოს“ წევრი.

როგორც შავგულიძემ ტელეკომპანია „იმედის“ დებატებში მოსამართლე ლევან მურუსიძის საპასუხოდ განაცხადა, „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ საარჩევნო ბლოკი მათთან და თავად წარმოადგენს სწორედ ამ ბლოკის კანდიდატს.

„ერთი პოლიტიკური პარტია მეორესთან რა ბლოკს შექმნის, ამას არავინ არ ეკითხება მოსამართლეს, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თქვენში მოსამართლის აღარაფერი დარჩა“, – აღნიშნა შავგულიძემ.

მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, სულხან მოლაშვილი თავის წამებაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებდა, რომლის პარტიაშიც დღეს მისი თქმით, შალვა შავგულიძეა.

„სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ ციხეში განხორციელდა წამება და ამ წამების საქმეში გიგა ბოკერიას ადებდა ხელს. თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესს, სარგებლობდით ოჯახის ნდობით და შესაბამისად, დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც, გიგა ბოკერიას ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი თავის წამებაში”, – განაცხადა მურუსიძემ.

მისი თქმით, სულხან მოლაშვილი ბევრ საჯარო განცხადებაში საუბრობდა გიგა ბოკერიას და კიდევ სხვა პირების შესახებ.

„თქვენი განცხადებაც მაქვს წაკითხული 2016 წელს. თქვით, რომ როდესაც იცავდით სულხან მოლაშვილის ინტერესებს, თქვენთვის ეს გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ ამ გვარებს ასახელებდა 2013 წელს და მგონი, უფრო მოგვიანებითაც“, – მიმართა მურუსიძემ შავგულიძეს.

რაც შეეხება სულხან მოლაშვილის წამების საქმეში გიგა ბოკერიას მონაწილეობას, როგორც შავგულიძემ აღნიშნა, მისთვის სულხან მოლაშვილს გიგა ბოკერიას შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს.