ლევან მურუსიძე - სასამართლოებში გადატვირთულობის გამო, მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს
ლევან მურუსიძე - სასამართლოებში გადატვირთულობის გამო, მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს

სასამართლოებში გადატვირთულობის გამო, მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს, – ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ გააკეთა.

მურუსიძის თქმით, მოსამართლეთა რიცხვის მატება საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნდა მოხდეს.

“სასამართლოთა გადატვირთულობის თემა ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარებისთვის ლოკალური და გლობალური ვერსიები განიხილება. საბოლოო ჯამში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საქართველოს მოსამართლეთა ის რაოდენობა უნდა ჰყავდეს, რომლებიც ამ საქმეებს გაუმკლავდებიან. ამისთვის აუცილებელია გადავითვალოთ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა და რამდენი მოსამართლე სჭირდება. ამის სტატისტიკა ევროპულ ქვეყნებს აქვს”, – განაცხადა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის განმარტებით, სასამართლოებში საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტს სასამართლო მოხელის, მაგისტრის ინსტიტუტის შემოღება შესთავაზეს, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა.

“ჩვენ საუბრები გვქონდა სასამართლო მოხელის ინსტიტუტთან დაკავშირებით. სასამართლო ძალიან გადატვირთულია ისეთი საქმეებით, როგორიც ონლაინ სესხებია. ამიტომ გვინდოდა მაგისტრის ინსტიტუტის შემოტანა, რომელიც უმარტივესი საქმეების განხილვას შეძლებდა. საჭიროების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდებოდა, მაშინ პარლამენტმა ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტების გამო უარი თქვა”, – აცხადებს მურუსიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან ერთად დახურულ კარს მიღმა მსჯელობს. სამუშაო შეხვედრაზე ორ საკითხს, დისციპლინარულ სამართალწარმოებას და სასამართლოებში საქმეთა გადატვირთულობის პრობლემას განიხილავენ.