ლევან მურუსიძე - საერთაშორისო პარტნიორები სანამ არაფერს მეკითხებიან, არ მაძლევენ საშუალებას, პასუხი გავცე ბრალდებებს, კრიტიკის მიღების საფუძველი ვერ მექნება
ლევან მურუსიძე - საერთაშორისო პარტნიორები სანამ არაფერს მეკითხებიან, არ მაძლევენ საშუალებას, პასუხი გავცე ბრალდებებს, კრიტიკის მიღების საფუძველი ვერ მექნება

თუ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ აღქმები, მობრძანდნენ საბჭოში, იგნორირებული რომ აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულ იგნორს რომ უკეთებენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანო და ყველა იგნორს გვიკეთებს. ჩამოდიან და უცხოელები იქნებიან ეს, თუ შინაურები, სასამართლოს თემებზე ლაპარაკობენ, სასამართლოში კლანიაო, მაგრამ ერთი არავის არ უკითხავს, ბატონო ლევან, თქვენზე რომ ლაპარაკობენ და თქვენ წინააღმდეგ რაღაც არგუმენტები აქვთ, თქვენ რას უპასუხებთო. მე შემოვედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში და ვეცდები, კომუნიკაცია აუცილებლად დავამყარო, – განაცხადა მურუსიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იღებს თუ არა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ შენიშვნებს, მურუსიძემ განაცხადა, რომ ის არის თანაბარი პარტნიორული ურთიერთობის მომხრე და კრიტიკის მიღების საფუძველი მაშინ ექნება, როცა საერთაშორისო პარტნიორები მის აზრსაც მოისმენენ.

„საერთაშორისო პარტნიორები რომ მოვლენ ჩემთან, ჩემს აზრსაც მოისმენენ და მერე გააკეთებენ დასკვნას, მერე მექნება საფუძველი, მაგრამ სანამ არ მოდიან, არაფერს არ მეკითხებიან და არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ პასუხი გავცე იმ ბრალდებებს, რომელიც ჩემ წინააღმდეგ არის, კრიტიკის მიღების საფუძველი ვერ მექნება. ჩამოვა დელეგაცია უცხოეთიდან და ხვდება ყველას, სასამართლო სისტემის გარდა. ჩვენ რომ ასე გავაკეთოთ, სტრასბურგი დაგვიდგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“, – განაცხადა მურუსიძემ.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებში არაკომპეტენტური კადრები ჰყავთ და სამწუხაროა, რომ პარტნიორები მათ დასკვნებს ეყრდნობიან.

„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები არაკომპეტენტურები რომ არიან და მათ დასკვნებს ეყრდნობიან, სამწუხაროა. მაგალითად, ერთი არის „სასამართლოს გუშაგი“. მე ფეისბუკი არ მაქვს და ჩამიგდეს ასეთი რამ, მაღაზიაში შევდივარ, იქ ჩვენი მოხალისე გვხვდება კონსულტანტიო, ბანკში შევდივარ, ოპერატორი გვხვდება მოხალისე კონსულტანტიო. მე არავითარი პროფესიის მიმართ არ მაქვს საწინააღმდეგო. ყველა პროფესია არის საპატიო, მაგრამ სასამართლოში რომ კონსულტანტი მოვა, ვინც ბანკში, ან მაღაზიაში მუშაობს და შენს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვებას აწარმოებს, როგორია? ასეთ რთულ საქმეებზე სხედან ბავშვები, ზოგი სტუდენტია, ზოგი არ არის, ზოგიც საერთოდ იურისტი არ არის. აკეთებენ მერე დასკვნებს არასამთავრობო ორგანიზაციები, უგზავნიან და რატომღაც, ეს დონორი ორგანიზაციები ამ დასკვნებს ეყრდნობიან. როგორ შეიძლება, მოსამართლე შეაფასოს ბავშვებმა, იურისტიც რომ იყოს, ან სტუდენტი და კონსულტანტმა, რომელიც მაღაზიაში მუშაობს?! თვითონ წერენ ფეისბუკში, მე ჩამიგდეს. ჩვენ მოხალისეები ვართო და ამაყობენ ამით, რომ სასამართლო პროცესის შესაფასებლად დადიან მოხალისეები ბანკიდან, მაღაზიიდან და სტუდენტები დადიან. შემდეგ ამ დასკვნებს დაწერენ, კარგად გააფორმებენ, ჩვენი დონორები ფულს გადაუხდიან და მიდის სასამართლოს ლანძღვა-გინება“, – განაცხადა მურუსიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად გახსნილია ის მესამე სექტორთან კომუნიკაციაში, მურუსიძემ განაცხადა, რომ სასამართლო აბსოლუტურად გახსნილია მათთან კომუნიკაციაში, მაგრამ როდესაც მესამე სექტორიდან ადამიანები ამბობენ, რომ მოსამართლეები ვირთხები, თუ მონები არიან და გასაყრელები არიან, თავიანთ ლექსიკას უნდა გადახედონ.

მურუსიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ნამდვილად არ სურს მას, ვინც ითხოვს, რომ საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ორჯერ ორი მესამედით მოხდეს, რადგან ორჯერ ორი მესამედით გადაწყვეტილების მიღება არასოდეს არ ყოფილა არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, არც არის და არც მომავალში იქნება, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური და უსამართლო.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას უკავშირებს სასამართლოს მიმართ უნდობლობას, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ნდობას მონდომება ქმნის.

„გინსბურგი ხომ გაგიგიათ და სკალია? ისინი დიდი ამერიკელი მოსამართლეები იყვნენ. თქვენ გგონიათ, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ან  გერმანიას სკალია და გინსბურგი არ ჰყავთ? არ ჰყავდათ მასეთი დონის მოსამართლეები? აშშ-ის დიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ძალისხმევით ცდილობენ, შექმნან ყველანაირი ფონი და ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომ კარგი რამ გააკეთო. ამიტომ, მე ვთხოვ ჩვენს დონორ ორგანიზაციებს, ამერიკულად მოვიქცეთ და დავაფინანსოთ ისეთი პროექტები, რომელიც წარმოაჩენს, რომ საქართველოშიც არის კარგი სასამართლო სისტემა. ისე კი არა, რომ პროტექციონიზმი იყოს, შენ რომელი მოსამართლეც გინდა, ის არის კარგი და ის ცუდი მოსამართლეა, ვინც გახმაურებელ საქმეზე რაღაც გადაწყვეტილებას გამოიტანს და არასამთავრობოები თავზე ლაფს დაასხამენ“, – განაცხადა მურუსიძემ.