ლევან მურუსიძე - მინდა, აშშ-ის საელჩოს მივმართო, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მშვიდად ვარ, სანქციას ვიაზრებ, ყველა განსაცდელს უნდა შეხვდე მშვიდად, ღირსეულად
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ რეალურად საქმე არ ეხება კორუფციას, უბრალოდ, სანქციამდე ხომ უნდა მისულიყვნენ, კორუფცია არის გამორიცხული თემა, რჩება ერთი, რაც არის, ეს არის სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მურუსიძის თქმით, აშშ-ს საელჩო ფიქრობს, რომ სანქცირებით მოხდეს მოსამართლეების დაშინება.
„ეს იყო მრავალწლიანი მცდელობა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და იმ ძალებმა, ვისაც ეყრდნობოდა ჩვენთან საელჩო, ვერ შეძლეს იმ მისიის შესრულება, რა მისიაც იყო საჭირო და რა ამოცანაც იყო. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამით მოხდება მოსამართლეების დაშინება. ძალიან დიდი იმედები აქვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, რისი მიღწევაც ვერ მოხერხდა, ამით მოგვარდება. მიმაჩნია, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი, ყოველთვის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ საქართველოს ჰქონდეს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი. არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვის გავლენას“, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძემ აშშ-ს საელჩოს მიმართა.
„მინდა, აშშ-ის საელჩოს მივმართო, როგორც საქართველო მოქალაქემ. მშვიდად ვარ. ამ სანქციას ვიაზრებ, რომ არის ძალიან მძიმე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, იმ ოჯახიდან, რომელშიც ვიზრდებოდი, უნდა შეხვდე ყველა განსაცდელს მშვიდად, ღირსეულად. ჩვენ გვაქვს 30-წლიანი სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი ასეთი რამ, რომ წლების განმავლობაში სურს მას, რომ მის დაქვემდებარებაში და გავლენაში იყოს მართლმსაჯულების სისტემა. ისინი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ აღნიშნულის განხორციელებას. შესაბამისად, ამას რომ ვერ მიაღწიეს, მოხდა კორუფციაში დადანაშაულება. ტყუილია, რომ სასამართლო ხელისუფლება იღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებში იყო. სასამართლო ღებულობდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლეს მიაჩნდა, რომ იყო სწორი და კანონიერი“, – განაცხადა მურუსიძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, მურუსიძე პასუხობს, რომ არ ელოდება.
„არ ველოდები. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ვარ კორუმპირებული“, – აღნიშნა მურუსიძემ.
ამასთან, მურუსიძის თქმით, ამერიკელი სენატორების ერთ-ერთ კვლევაში საუბარია, რომ უცხო ქვეყანაში ისინი ხელს უწყობენ სასამართლო სისტემის იმ ძალისთვის დაქვემდებარებას, რომელიც მათთვის მისაღებია.
„არის ასეთი კვლევა, სადაც ამერიკელი სენატორები იძახდნენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უნდა შევისწავლოთ ისტ-ვესტ მენეჯმენტის, „სორისის ფონდის“ და ამათი საქმიანობა, სადაც ამბობენ, რომ უცხო ქვეყანაში ისინი ხელს უწყობენ სასამართლო სისტემის იმ ძალისთვის დაქვემდებარებას, რომელიც არის მისთვის მისაღები“, – განაცხადა მურუსიძემ.