ლევან მურუსიძე - ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ-ი, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ
ლევან მურუსიძე ბაყბაყდევი კი არ არის, რომელიც სასამართლო სისტემის კართან დგას, კადრებს კარს უხურავს და არ უნდა, ვინმე შემოუშვას, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„რომ იძახიან, სასამართლო სისტემა დახურულიაო და რატომ არ არიან ადვოკატები სასამართლო სისტემაშიო, კარგი ადვოკატი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებს და მოსამართლე რომ გახდეს, თავი უნდა დაანებოს თავის პრაქტიკას. კადრი კვალიფიციური ხომ უნდა იყოს და ვინც კვალიფიციურია, ყველას კარგი ანაზღაურება აქვს. სკოლაში უნდა ისწავლო წელიწადი და რვა თვე, 2 000 ლარზე, შემდგომ გახდები მოსამართლე, ხელფასი გექნება 4 000 ლარი და ამიტომ არ არის სურვილი. მერე არის მოსამართლეების ლანძღვა-გინება და მერე იძახიან, სასამართლო არის დახურული სისტემაო. როგორ უნდა გაიღოს ეს სისტემა, როცა გარეთ კადრებს არ უნდათ სასამართლო სისტემაში შემოსვლა? ლევან მურუსიძე ბაყბაყდევი კი არ არის, რომელიც კართან დგას, კადრებს კარს უხურავს და არ უნდა, ვინმე შემოუშვას?! ნახეთ, არასამთავრობოებში 10 000 ლარი და მეტი აქვთ ხელფასები. კარგია, 10 000-15 000 ლარი გქონდეს ხელფასი და მოსამართლეები აგინო, ხომ?“, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძემ ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სურს, საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლოს პირდაპირ და არა არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით.
მისივე თქმით, ცუდია, როცა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სასამართლო სისტემისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით და იგნორირებით ხდება.
„სამოქალაოს მოსამართლეები აშშ-ში რომ მიდიან გამოცდილების გასაზიარებლად, ამერიკული სამოქალაქო სამართალი და საქართველოს სამოქალაქო სამართალი ერთმანეთთან ისეა, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი. ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ ფეხით ვთამაშობთ. რაც არ უნდა ბრეიდი ჰყავდეთ, მაგარი მოთამაშე, რომ ჩამოიყვანო და ჩვენს ფეხბურთელებს გამოცდილება გაუზიაროს, რამე შედეგი იქნება? ამიტომ, იუსტიციის საბჭოს გარეშე რომ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მკითხე რაღაც, ეფექტურად როგორ შეიძლება. ხელგაშლილი შევეგებებით და რჩევებსაც მივცემთ, როგორ იქნება უფრო ეფექტური. ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. რა თქმა უნდა, ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის საქმე? მოსამართლეები არ ლაპარაკობენ, უბრალოდ, ზრდილობის თემაა, თორემ გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო. კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს და ნახავს, რა დიდებულია აშშ-ი, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად რომ იყოს გამოყენებული, ხომ შეიძლება, გვქონდეს ურთიერთობა და კონტაქტი?“, – განაცხადა მურუსიძემ.
ამასთან, მურუსიძემ აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ამერიკულ ლიტერატურაზე იზრდებოდა და მასზე დიდი პროამერიკელი არავინ არის, მაგრამ მოყვარეს პირში უნდა უძრახოს.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გარკვეული პრეტენზიები აქვს აშშ-ის საელჩოს მიმართ, მურუსიძემ აღნშნა, რომ პრეტენზიებს არავის უყენებს და არავის არაფერში ავალდებულებს, მაგრამ თუ ვინმეს სასამრთლო სისტემის დახმარება გულწრფელად სურს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უშუალო თანამშრომლობა უნდა შედგეს.
„იცით, რა ხდება? საელჩოში ბევრი ქართველი მუშაობს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ არასოდეს არ გვქონია ისეთი საშუალება, რომ უშუალოდ ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან უშუალო ურთიერთობა გვქონოდა და დავლაპარაკებოდით ნორმალურად. ეს არასამთავრობო სექტორი ძალიან არის შემოჭრილი. მე მინდა, საქართველო იყოს პატარა აშშ-ი, მაგრამ ისე უნდა მოგვექცნენ, როგორც ხდება აშშ-ში“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.