ლევან მურუსიძე - გიორგი გოგინაშვილის და გოჩა აბუსერიძის შემთხვევაში მოხდა ისეთი პოზიციების დაკავება, რაც გამორიცხავდა მათ საბჭოს წევრობას
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა პრივილეგია არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, საბჭოს და ზოგადად მოსამართლეების მიმართ მიმდინარეობს უკვე მრავალწლიანი ბულინგის კამპანია, ლანძღვა. საბჭო არის ისეთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს მოსამართლეთა უფლებების მაქსიმალურად დაცვა. ანუ, ფაქტობრივად, ფარი უნდა იყოს, რომ მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, წყნარად აღასრულონ მართლმსაჯულება. ამიტომ, სასამართლო კორპუსში საბჭოს წევრობის მაინცდამაინც დიდი სურვილი არ არის იმ ვითარებაში, როდესაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს განსაკუთრებით, საბჭოს წევრების ბულინგი, ლანძღვა, შეტევა, თავდასხმა, აწიოკება, ოჯახში დახვედრები, ფარული გადაღებები და პოლიტიკოსების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან 24-საათიანი გინება“, – განაცხადა მურუსიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საბჭოს წევრები თუ ასეთი წნეხის ქვეშ არიან, რატომ მოუნდა თავად ასეთ ვითარებაში საბჭოს წევრობა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ მან ეს პასუხისმგებლობა აიღო, საკუთარი კანდიდატურა დაასახელა და გადაწყვეტილება სასამართლო კორპუსს მიანდო, რადგან ისინი დიდი ხანია იცნობენ და მისი შესაძლებლობები იციან.
„თან, იმიტომ, რომ ზოგადად, როდესაც უკვე მრავალი წელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აღარ ვიყავი, ვიყავი ჩემთვის წყნარად და ვიხილავდი საქმეებს, მაგრამ მუდმივად ხდებოდა ჩემი სახელის დისკრედიტაცია. მარტო ჩემი სახელის დისკრედიტაციას არაფრად ჩავთვლიდი, მაგრამ უბრალოდ, ამ ჩემს თემას აბამდნენ სასამართლო სისტემას, ჩემი სახელით ხდებოდა სპეკულირება და მთლიანად სასამართლო სისტემისთვის ჩრდილის მიყენება, ლანძღვა და ლაფის სროლა. რადგან ჩემი სახელით ხდება სასამართლოს დისკრედიტაცია, აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემოვიდე ისევ ამ ბრძოლაში, ყველას გავცე სათანადო პასუხი და ყველას მივუჩინო ადგილი, რათა შესაბამისად, არავის აღარ გაუჩნდეს სურვილი, რომ ლანძღონ კონკრეტული მოსამართლეები. ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება და გამოწვევა; მაქვს ჩემი თავის იმედი, მაქვს ამის გამოცდილება და მაქვს სასამართლო კორპუსის მხარდაჭერა“, – განაცხადა მურუსიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა პასუხი აქვს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვაზე, თუ რატომ დატოვა საბჭო ორმა წევრმა და მოხდა თუ არა ადგილების ხელოვნურად გამოთავისუფლება, რადგან მას და დიმიტრი გვრიტიშვილს საბჭოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდათ, მურუსიძემ განაცხადა, რომ ამ წევრებმა ისეთი თანამდებობრივი პოზიციები დაიკავეს, რაც საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იყო.
„არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ რაკი ეს საზოგადოებაში კითხვებს აჩენს და რადგან უფრო დიდი სიკეთეა გადასარჩენი, ვიტყვი. არის საგამოცდო კომისია, რომელიც ტესტებს ადგენს და გოგინაშვილი გამოცდების თემებთან დაკავშირებით რაღაც გარკვეულ მონაწილეობას იღებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როგორც ბატონი გიორგი გოგინაშვილის, ასევე გოჩა აბუსერიძის შემთხვევაში მოხდა ისეთი პოზიციების დაკავება, რომელიც გამორიცხავდა მათ საბჭოს წევრობას. შეიძლება, მე ეს ახლაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ თქვენ ახლა ფაქტობრივად, დაჟინებით მოითხოვეთ; რადგან სპეკულაციის საგანია და არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ეს ხელოვნური იყო, ეს ვთქვი, მაგრამ ნუ, ალბათ, არ უნდა მეთქვა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, წინა კონფერენციაზეც, როდესაც საბჭოს წევრების არჩევა მოხდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ზუსტად იგივე აჟიოტაჟი იყო, უბრალოდ, ახლა ეს მისმა სახელმა გაამძაფრა.