ლევან მურუსიძე - დღეს მაკრიტიკებენ ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით სამ კვირაში მიიღეს კანონები, გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მე კანონიერი გადაწყვეტილება მივიღე
დღეს მე მაკრიტიკებენ ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით სამ კვირაში მიიღეს კანონები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მაშინ, საქართველოს პარლამენტმა სამ კვირაში მიიღო ცვლილებები, რომელიც პირადად გირგვლიანის საქმის გამო მიიღეს. იმ დეპუტატებიდან ზოგიერთი შეიძლება, ახლანდელ პარლამენტშიც იყოს. ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ და, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით მიიღეს აღნიშნული კანონები, ერთმანეთთან კარგად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მე კანონიერი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან
მურუსიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2013 წელს, როდესაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა, ტელევიზიები მის გვარს
ნორმალურადაც ვერ ამბობდნენ.
„ასე ამბობდნენ – მუსერიძე, მურუსაძე. გიგაური ეკა ჩემთან მოვიდა და მემორანდუმი გამიფორმა, როგორც საბჭოს მდივანს. მითხრა, ბატონო ლევან, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან მემორანდუმის გაფორმებაო. მაშინ არავის არ ახსოვდა გირგვლიანის საქმე. 2013 წელს, როდესაც მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გავხდი, ამაზე ჩემთვის პრეტენზია არავის არ წამოუყენებია. არასამთავრობო სექტორი თანამშრომლობას აპირებდა. ხომ გითხარით, საბჭოს მდივანი რომ გავხდი, არავის არ ახსოვდა ჩემი გვარი. მერე, 2014 წლიდან რომ დაიწყეს, დღემდე მოდის და მოდის და ეს გირგვლიანის გამო არ მომხდარა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ის მაქსიმალურად ცდილობდა, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი ყოფილიყო.
„მერწმუნეთ, ადამიანებს, რომლებმაც სამ კვირაში შეცვალეს სისხლის სამართლის კოდექსი, მე რომ პატარა ნაბიჯი გადამედგა და უკანონობა ჩამედინა, არ გაუჭირდებოდათ უფლებამოსილების გადამეტებაში პასუხისგებაში მიეცათ ჩემი თავი. ამიტომ, მე მაშინ რა საქმესაც ვიხილავდი, მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი ყოფილიყო“, – განაცხადა მურუსიძემ.