ლევან მურუსიძე - არასამთავრობო ორგანიზაციები არიან უპასუხისმგებლო და უზრდელები, როდესაც მოსამართლეებს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე ლევან მურუსიძე არასამთავრობო სექტორის მხრიდან მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს.
როგორც მურუსიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან სასამართლო სისტემის ისეთი კადრებით დაკომპლექტებით, რომლების კონტროლსაც თავად შეძლებენ.
„რეალურად, არიან დაინტერესებული, რომ სასამართლო სისტემა არ იყოს დამოუკიდებელი, იყოს კონტროლირებადი, შესაბამისად, იყოს შევსებული ისეთი კადრებით, რომელთა კონტროლსაც თვითონ მოახერხებენ. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ პრეტენზია, თუნდაც ჩემთან, დიმიტრი გვრიტიშვილთან და ზოგადად სასამართლო კორპუსთან. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ ადამიანს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეალურად სურთ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს მიღება, ესეთი ლანძღვა მოსამართლეების მიღებულია?“, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეებს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ და მათ უპასუხისმგებლოები და უზრდელები უწოდა.
„მაგალითად, მიმაჩნია, რომ ეს არის უსაფუძვლო. ლაპარაკობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, აღიარებენ, თუმცა საქმეების 99,9%-ზე გამოდის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ვინაიდან არ აინტერესებს ხელისუფლებას აღნიშნული საქმეები და მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და სენსიტიურ საქმეებზე საუბრობენ, რომ ასეთ საქმეებში ე.წ. კლანი ღებულობს მონაწილეობას. ასე ამბობენ ხომ? ეს არის უარგუმენტო საუბარი და მე საპირისპიროს დამტკიცება შემიძლია.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, სადაც მიდიოდა მოსამართლეთა ლანძღვა-გინება. არავის ბოდიში არ მოუხდია, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად კანონიერი, სამართლიანი და შეესაბამებოდა ყველანაირ სტანდარტს. არ მახსოვს მე, შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ან პოლიტიკოსები გამოსულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ. დანარჩენ საქმეებს რაც შეეხება, როდესაც წავა სტრასბურგში და მივიღებთ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს, ვიღაცამ ხომ უნდა შეაფასოს? გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. აღმოჩდა მერე, რომ ეს საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი, ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ, ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ, როდესაც მოსამართლეებს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ“, – განაცხადა მურუსიძემ.
რაც შეეხება კითხვას, კონკრეტულად რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას დაასახელებდა, მურუსიძემ აღნიშნა, რომ ვერც ერთს ვერ გამოყოფდა.
„არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია მათი სახელიო, ხომ იცით? ლეგიონიაო. როდისმე ენჯეოებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ, რომ რომელიმე ენჯეო გამოსულიყოს ან რაიმე დადებითი ეთქვას მოგისმენიათ?“ – აღნიშან ლევან მურუსიძემ.