ლევან მეხუზლა - წელს ღვინის ნახშირბადის სტაბილური იზოტოპების ანალიზი დაინერგება
წელს ღვინის ნახშირბადის სტაბილური იზოტოპების ანალიზი დაინერგება, რომელიც ყურძნის პროდუქტის წარმომავლობის დასადგენად გლობალურ დონეზე ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ღვინის რეკორდული საექსპორტო მაჩვენებლები, მეღვინეობის დარგის პერსპექტივები და წელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, წელს ნახშირბადის იზოტოპური ანალიზი დაინერგება.
„ზოგადად, მეღვინეობა ის დარგია, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება მსოფლიო მასშტაბით. ვცდილობთ, რომ საქართველოშიც დავამკვიდროთ ყველა ის ინოვაცია და ანალიზის მეთოდი, რაც წამყვან ინსტიტუტებში მუშავდება და წამყვან ქვეყნებში გამოიყენება. მათ შორის, ერთ-ერთი არის სტაბილური იზოტოპების კვლევა, როგორიცაა ნახშირბადის იზოტოპი, არსებობს წყალბადისა და ჟანგბადისაც, მაგრამ ამ ეტაპზე შემოგვაქვს ნახშირბადის სტაბილური იზოტოპების ანალიზი, რაც დღეს ერთ-ერთი მთავრი მიღწევაა და დიდი ალბათობით გაძლევს პასუხს, არის თუ არა პროდუქტი ყურძნისეული“, – განმარტა მეხუზლამ.
მისი თქმით, კერძო სექტორი სავსებით მზად არის, აღნიშნული მეთოდის დანერგვისთვის, თუმცა მისი მოსაზრებით, ღვინის ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი მაინც თავად მეღვინეა.
„მთელი 2019 წელი ამ შემოწმებებს ვაკეთებდით, ვემზადებოდით, რომ 2020-ში ეს კანონმდებლობაში ჩაიწეროს და გარკვეული ზღვარი დაწესდეს. თუმცა ყველა ეს ჩანაწერი, კანონქვემდებარე აქტი და ა.შ. ის მინიმუმია, რითაც სახელმწიფო, მათ შორის ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ღვინის ხარსიხი იმის ქვევით არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდეს. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც კერძო სექტორია, ვინც პროდუქტს ქმნის. იზოტოპი შეიძლება ბევრნაირმა ღვინომ დააკმაყოფილოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ძალიან მაღალი ხარისხის იქნება. კერძო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა მოხდეს ხარისხის კომპრომისი ფასის დაწევის ხარჯზე. ღვინო რომ უნიკალური და მაღალი ხარისხის იყოს, კერძო სექტორი უნდა დაგვეხმაროს“, – განუცხადა ლევან მეხუზლამ „ბიზნესპარტნიორს“.