აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღო
აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo and Partners”-ის ორგანიზებით, აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე.

„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და, ამავე დროს, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას. გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ მოიპოვა პლატინის, ხუთმა – ოქროს, ათმა – ვერცხლის და ცხრამ – ბრინჯაოს მედალი.

ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM-ი 2005 წელს დაარსდა ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ გადაიქცა ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის აგვისტოში დაგეგმილ TEXSOM-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებისა და პროფესიონალების წინაშე მოეწყობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.