ლევან მაჭავარიანი - ოპოზიცია მოსახლეობაში იმ მესიჯბოქსით გავიდა, რაც ჩვენ საქმით გავაკეთეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ამ არჩევნებსაც დამაჯერებლად მოვიგებთ
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიცია მოსახლეობაში იმ მესიჯბოქსით გავიდა, რაც ჩვენ საქმით გავაკეთეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ამ არჩევნებსაც დამაჯერებლად მოვიგებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს დამოუკიდებელი პარტიები არიან, მათ არანაირი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ოქტომბერში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ ისინი დამოუკიდებელი პარტიები არიან, თუმცა საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ. ჩვენი მოქალაქეები კარგად აზროვნებენ და კარგი მეხსიერება აქვთ. გუშინდელი გადაჯგუფებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ძველი სახეები შეუერთდნენ. ეს ხალხი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ნულოვანი რეიტინგის პოლიტიკურ სუბიექტებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ.

ამ არჩევნებსაც დამაჯერებლად, დიდი ანგარიშით მოვიგებთ. ამბიცია გვაქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღოთ. პოლიტიკა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, მით უმეტეს, ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. მოსახლეობაში იმ მესიჯბოქსით გავიდნენ, რაც ჩვენ საქმით უკვე ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში გავაკეთეთ – მშვიდობა შევინარჩუნეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და რუსეთთან ესკალაციაში არ შევედით. ეს ყველაფერი სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ეს პოლიტიკური პარტიები და მათი განშტოებები კი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ ყველაფრის საპირისპიროს ამბობდნენ და ჩვენ მიმართ დიდი წნეხიც იყო. ჩვენ მყარად დავდექით და ეროვნული ინტერესებიც გავატარეთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.