ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერი პირველი არხია, Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა
რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერი პირველი არხია, Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ლევან კოღუაშვილმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას.
„ქვეყანა საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა, მუდმივად არის კულტურათა თავშეყრის ადგილი და მზად ვართ, ამ კულტურული გავლენის მისაღებად“, – აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.
ფილმი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერია საქართველოს პირველი არხი, აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ იგზავნება. ის „ოსკარზე“ საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა (საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი): საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.
ამასთან, ფილმმა ახლახან კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი პრიზი მოიპოვა.