ლევან კობერიძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, ლევან კობერიძემ საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ თავს უფლება არ მისცა, რეზოლუციისთვის მხარი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად დაეჭირა.
„რეზოლუციის შინაარსს ვეთანხმები, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მიღებული არ უნდა ყოფილიყო. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც, პირველ რიგში, როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა ყოფილიყო. რეზოლუციის ფორმალურ მხარეს სწორედ ამიტომ არ დავუჭირე მხარი. ამ პროცესში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც, რომლებიც იმ პროცესებში იყვნენ ჩართულები, რამაც ჩვენ ტერიტორიები დაგვაკარგვინა. ეს პრობლემები ძალიან კარგად ვიცი, რადგან ჩემი სოფელი თამარაშენია. გვახსოვს, 2008 წელს რა მოვლენები იყო განვითარებული. თავს უფლება არ მივეცი, რომ ამ ადამიანებთან ერთად მომზადებული რეზოლუციისთვის დამეჭირა მხარი და არა იმისთვის, რაზეც რეზოლუციაში არის საუბარი, ეს იქნება ტატუნაშვილი თუ ოთხოზორია“, – განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი არის ორგანო, სადაც დეპუტატები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.
პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 მომხრე ხმით დღეს მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ შეიკავეს. დოკუმენტს მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ დაუჭირეს.