ლევან კობერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან შემდგომში გაკეთებულ ინტერპრეტაციებს, როგორც მინიმუმ, შეცდომას ვუწოდებდი ან საკითხის ბოლომდე არმოსმენას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე თანაგუნდელებს ურჩევს, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გახსნილ მსჯელობას ხელი შეუწყონ, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან, დამოუკიდებლობასთან და სიძლიერესთან მიმართებაში კითხვები არავის დარჩეს.

პარლამენტის სხდომაზე ლევან კობერიძე „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებულ დებატებს გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, მინდა, ჩემი გამოსვლა ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის და ტექნიკური პერსონალისთვის დავიწყო, რომლებიც წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდნენ, მუშაობენ და თავის საქმეს ერთგულად ემსახურებიან, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური ქარტეხილებისა. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს ჯერ კიდევ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მომავალში აუცილებლად გვექნება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად იქნება ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი, ხალხის სამსახურში და საზოგადოების ინტერესების გამომხატველი. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რეფორმა დაიწყო, რასაც მივესალმებით და ეს არის გზა, რომელმაც საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ისეთი უნდა გახადოს, როგორიც არის საზოგადოების მხრიდან დაკვეთა, რომ სრულყოფილად შეიძინოს ის ფუნქცია, რომელსაც მისგან ყველა ელოდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ეს თემა ღია მსჯელობის საგანია, მით უფრო, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა კითხვა ისმის. მოსაზრებებია ბიუჯეტის ნაწილთან მიმართებაში და ეს ის თემაა, რომლის მაქსიმალურად ღიაობას, გახსნილ მსჯელობას პარლამენტარებმა, უმრავლესობის წევრებმა ხელი უნდა შევუწყოთ, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან, დამოუკიდებლობასთან და სიძლიერესთან მიმართებაში კითხვები არავის დარჩეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძის განცხადებით, მათ ბევრი თემა კიდევ ექნებათ, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით და კარგი იქნება, რომ ყველა ერთ პოზიციაზე იყოს.

„დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით იყო, სადაც ბევრი სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა, თუმცა ჩვენი კომიტეტის ხედვა სწორედ ის პრინციპებია, რაც ჩამოვთვალე. იმისათვის, რომ ეს პრინციპები მაქსიმალურად მიღწეული ყოფილიყო, ჩვენი მსჯელობის შედეგად სხვადასხვა, განსხვავებული კითხვები დაისვა, რომელიც ჩემდა გასაკვირად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რატომღაც ჩათვალა, მიიღო და წარმოაჩინა იმდაგვარად, თითქოს, ამ კომიტეტის წევრებს, უმრავლესობის წევრებს საზოგადოებრივი არხის დაკნინების, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირების სურვილი აქვთ, ან თითქოსდა, კითხვები რაიმე სარედაქციო პოლიტიკასთან გაჩენილი კითხვების გამო დაისვა. არადა, კითხვები ეხებოდა რეკლამის თემას, სტარტაპების თემას, საზოგადოებრივი მაუწყებლის იყოს თუ არა ბიუჯეტში გათვალისწინებული, ასევე, საუბარი შეეხო ბორდსა და მენეჯმენტს შორის უფლებამოსილებებს. ანუ, ის სამუშაო და ჯანსაღი პროცესი იყო, რომელიც პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს და მიმდინარეობს კიდეც. ამ გადმოსახედიდან, ამ თვალსაზრისით, მენეჯმენტის მხრიდან შემდგომში გაკეთებულ ინტერპრეტაციებს, როგორც მინიმუმ, შეცდომას ვუწოდებდი ან საკითხის ბოლომდე არმოსმენას. ბევრი თემა კიდევ გვექნება, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით და კარგი იქნება, რომ ყველა ერთ პოზიციაზე ვიყოთ, რადგან პარლამენტი და კომიტეტები არსებობენ იმისათვის, რომ ნებისმიერი კითხვა ღიად დაისვას და მასზე პასუხები მივიღოთ“, – განაცხადა კობერიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, სადაც  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს, განაცხადა, რომ მთავარი საკითხია, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსის განსაზღვრა და შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რას ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„თუ ვინმესთვის ნათელია, იქნებ ვინმემ პასუხი გამცეს მთავარ კითხვაზე, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი, შინაარსი და პასუხისმგებლობა. მთავარი კითხვა, რომელიც ჩემთვის რჩება პასუხგაუცემელი, ეს არის გარკვეული შეჯერება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – აღნიშნა კობერიძემ.