ლევან კობერიძე - იქნებ ვინმემ პასუხი გამცეს, რას ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი
ლევან კობერიძე - იქნებ ვინმემ პასუხი გამცეს, რას ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსის განსაზღვრა არის მთავარი, რადგან ჩამონათვალი – საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის ნდობა, ინფორმირებულობა, გართობა და ასე შემდეგ, ზოგადი პოსტულატებია. ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს.

„თუ ვინმესთვის ნათელია, იქნებ ვინმემ პასუხი გამცეს მთავარ კითხვაზე, რა არის საზოგადოებრუივი მაუწყებლის არსი, შინაარსი და პასუხისმგებლობა. მთავარი კითხვა, რომელიც ჩემთვის რჩება პასუხგაუცემელი, ეს არის გარკვეული შეჯერება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მთავარი საკითხია, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსის განსაზღვრა, რადგან ჩამონათვალი – საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის ნდობა, ინფორმირებულობა, გართობა და ასე შემდეგ, ზოგადი პოსტულატებია. მასე, ჯანდაცვის განმარტება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, არის – ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, ეს არის ჯანდაცვა და მოვითხოვოთ ამისთვის 50 მილიარდი ბიუჯეტიდან, არ არის ამის საშუალება, ხომ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მგონია, რომ ჩვენ ამ ზოგად პოსტულატს კი არ უნდა მივუსადაგოთ ჩვენი შემდგომში მიდგომები, ბიუჯეტის მხრივ იქნება, თუ დამატებით თანხების მოზიდვის მხრივ, არამედ პირველ რიგში საზოგადოების არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. ყველა მიზნობრივ ჯგუფთან გარკვეული შეჯერების და შეთანხმების შედეგად, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე კითხვას არ ვსვამ ახლა, წარმოდგენილი ჩემთვის მაქვს, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ, თორემ ისევ გაგვიჭირდება, მეორე მოსმენის დროს ისევ დადგება ეს საკითხი და ისევ წარმოიშვება ეს საკითხები“, – განაცხადა კობერიძემ.

კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.

ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება.

საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.

დატოვე კომენტარი